შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი

0

2013 წლის 10 დეკემბერს ოფიცილაურად გაიხსნა ახალციხის 500/400/220 კვ ქვესადგური, რომელიც განხორციელდა შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში. ”შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის” პროექტი, გარდა აღნიშნულისა, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს. მათ შორის, ახალციხის, ზესტაფონისა და გარდაბნის ქვესადგურების ურთიერთმაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების “ვარძია 500”, “ზეკარი 500” მშენებლობა/რეაბილიტაციას და ახალი 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას თურქეთის საზღვარამდე, ბორჩხას ქვესადგურთან მისაერთებლად. ახალციხის ქვესადგურის 500/400/220 კვ. გამანაწილებელი მოწყობილობების ნაწილი “SIEMENS – Austria” განახორციელა, 2×350 მვტ. სიმძლავრის მუდმივი დენის ჩანართების (HVDC)-ს დამონტაჟება განხორციელდა _ SIEMENS-Germany-ს მიერ, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია _ ინდურმა კომპანია KEC International-მა.

ახალციხის 500/400/220 კვ ქვესადგურისა და მუდმივი დენის ჩანართის მოწყობის პროექტის საკონტრაქტო ღირებულებამ შეადგინა: 158,8 მლნ ევრო. მთლიანად შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო – 80 მლნ ევრო; ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) – 80 მლნ ევრო; გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) –100 მლნ ევრო; საქართველოს მთავრობამ –53 მლნ ევრო; NIF(ევროკავშირი) გრანტი – 8 მლნ ევრო. პროექტის განხორციელების სამუშაოები 2010 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, ხოლო დასრულდა 2013 წლის აპრილში. მუდმივი დენის ჩანართის (HVDC) ტესტირება დამთავრდა 2013 წლის ნოემბერის ბოლოს.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა. მსოფლიოში სულ თითზე ჩამოსათვლელ ენერგოსისტემებში გამოყენებულია ანალოგიური ტიპის ჩანართი (HVDC). მუდმივი ძაბვის თითოეულ ჩანართში შედის გამმართველი და ინვერტორული სადგურები, რომლებზეც 500 კვ ცვლადი დენი გარდაიქმნება მუდმივ დენად, ხოლო შემდეგ კვლავ ცვლად, მაგრამ უკვე 400 კვ ძაბვაზე , რომელიც მიწოდებულ იქნება თურქეთში ისე, რომ არ გამოიწვევს რაიმე შეფერხებას ან ავარიულ სიტუაციას თურქეთის მაღალი ძაბვის ქსელში. რაც შეეხება მთლიანად პროექტის მნიშვნებლობას, აღნიშნული პროექტის განხორციელებას უდიდესი როლი ენიჭება ქვეყნის ენერგოსისტემის გამართული მუშაობისათვის. კერძოდ, პროექტის საბოლოო შედეგია: ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობის უზრუნველყოფა; სამხრეთ საქართველოს რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების იმედიანობის გაუმჯობესება; ქვეყანაში ზაფხულის პერიოდში ენერგობალანსში ნამეტი ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა თურქეთში, საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების მაკავშირებელი მშენებარე ხაზის საშუალებით; ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება; ელექტროენერგიის კარგვების მნიშვნელოვანი შემცირება.

Share.