წესდება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

 “ენერგოტრანსი”

წ   ე   ს   დ   ე   ბ   ა

თბილისი 2010

 მუხლი 1. საერთო დებულებები

  1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ენერგოტრანსი” (შემდგომში საწარმო) შექმნილია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
  2.  საწარმო წარმოიქმნება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და არსებობს განუსაზღვრელი ვადით.

მუხლი 2. საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

  1.  საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება”, შემოკლებით – შპს.
  2. იგი წარმოადგენს იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  3. საწარმოს სრული დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ენერგოტრანსი”.
  4. საწარმოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, დადგენილი წესით რეგისტრირებული საფირმო და სასაქონლო ნიშნები, აქვს ანგარიში ან ანგარიშები ბანკში.
  5. საწარმოს იურიდიული მისამართია:

საქართველო, ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა #16.

მუხლი 3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

  1. საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
    ა) ელექტროენერგიის გადაცემის (ტრანსპორტირება, ტრანზიტი) უზრუნველყოფა;
    ბ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
    გ)  საწარმოს ელექტროსაქსელო მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების უზრუნველყოფა, მისი შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავება და პრაქტიკულად განხორციელება;
    დ) ქვესადგურებში და ელექტროგადამცემ ხაზებზე კაპიტალური რემონტების, აღდგენის და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, შესაბამისი მშენებლობის უზრუნველყოფა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
    ე) მშენებლობის, კაპიტალური რემონტების, აღდგენის, რეკონსტრუქციის, აგრეთვე ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების საექსპლუატაციო მომსახურებისათვის საჭირო სამუშაოების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების უზრუნველყოფა;
    ვ) ელექტროენერგიის გადაცემის სრულყოფილი აღრიცხვიანობისა და შესაბამისი მომსახურების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
    ზ) ენერგეტიკული მოწყობილობების, დანადგარების, ნაგებობის და აპარატურის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა, სარელეო დაცვის, ავტომატიკის მუშაობაზე და ავარიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, ავარიების მიზეზების გამოკვლევა;
    თ) ახალი ენერგეტიკული ობიექტების პროექტირებაზე ტექნიკური პირობების გაცემა და შეთანხმება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
    ი)  ელექტროენერგიის ტარიფების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
    კ)  საწარმოში დასაქმებული პერსონალის სოციალური პირობების გაუმჯობესება, მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება;
    ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
  2. საწარმოს უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საწარმოსა და პარტნიორების ინტერესებს;
  3. საწარმო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში – აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების საფუძველზე.
  4. საწარმოს ძირითადი მიზანია მოგების მიღება, წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეწარმეო-კომერციული საქმიანობის შედეგად.

მუხლი 4. საწარმოს კაპიტალი, საწარმოს ქონება

  1. საწარმოს გააჩნია კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება საწარმოს საფინანსო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი დოკუმენტაციით.
  2. საწარმოს წილის 100%-ის მფლობელი და ერთადერთი პარტნიორია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ი ჭავჭავაძის გამზ.64, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 12.11.2002 წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი: 204995176, წარმომადგენელი: რეაბილიტაციის მმართველი, ერთპიროვნულად).
  3. დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით, საწარმოს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აიღოს მიზნობრივი სესხები, მოიზიდოს თავისუფალი სახსრები, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისაგან.
  4. საწარმოს კაპიტალი შეიძლება შეიცვალოს პარტნიორის გადაწყვეტილებით. კაპიტალის ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას არ საჭიროებს.
  5. საწარმოს კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში კაპიტალის გაზრდით გათვალისწინებული პარტნიორის შენატანის განხორციელება შესაძლებელია ერთბაშად ან ნაწილ-ნაწილ – საწარმოს კონკრეტული წერილობითი მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე ან/და პარტნიორის შეხედულებისამებრ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში კაპიტალის გაზრდაზე გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
  6. საწარმოს კაპიტალში არაფულადი შენატანის ღირებულებას განსაზღვრავს დამოუკიდებელი ექსპერტი (აუდიტი). დამოუკიდებელი ექსპერტის (აუდიტის) შეფასება არ ესაჭიროება პარტნიორის გადაწყვეტილებით საწარმოში განხორციელებულ არაფულად (ქონებრივ) შენატანს, თუ ასეთი არაფულადი შენატანის (ქონების) შეძენიდან საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებამდე არ არის გასული 12 კალენდარული თვე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტნიორს შეიძლება გააჩნდეს დასაბუთებული ეჭვი არაფულადი (ქონებრივი) შენატანის მატერიალური ღირებულების შეცვლის თაობაზე.
  7. საწარმოს კაპიტალში შენატანის ღირებულება საწარმოს საბუღალტრო წიგნებში აღირიცხება ეროვნული ვალუტით.

მუხლი 5. პარტნიორის უფლება-მოვალეობანი

  1.  პარტნიორს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) უფლება აქვს:
    ა) მიიღოს მონაწილეობა საწარმოს მართვაში;
    ბ) მოითხოვოს საწარმოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, გაეცნოს მათ პირადად ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით, გააკეთოს დოკუმენტის პირები, თავისივე დადგენილი წესით და ფორმებით მოითხოვოს ინფორმაცია დირექტორისაგან;
    გ) მიიღოს მონაწილეობა საწარმოს მოგების ან სხვა საკუთრების განაწილებაში, მის საკუთრებაში (მფლობელობაში) მყოფი წილების ოდენობის შესაბამისად;
    დ) დასვას საკითხი პარტნიორთა კრების წინაშე დირექტორის (დირექტორების) თანამდებობაზე დანიშვნისა და/ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
    ე) მოითხოვოს სამეურნეო საქმიანობის ან მთლიანი წლიური ბალანსის შემოწმება, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დარღვევებს;
    ვ) განახორციელოს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
  2. პარტნიორი, უფლებამოსილია მოითხოვოს პარტნიორთა კრების მოწვევა ამ კრების მიზნისა და საფუძვლების მითითებით. თუ ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურებიან, ან საერთოდ არ არსებობენ ის პირები, ვის მიმართაც არის ეს მოთხოვნა გათვალისწინებული, მაშინ პარტნიორს, საქმის გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლია თვითონ მოიწვიოს კრება.
  3. პარტნიორი ვალდებულია:
    ა) დაიცვას საწარმოს წესდება;
    ბ) იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  4. საწარმოს პარტნიორის (პარტნიორთა კრების) უფლებამოსილებას ახორციელებს საწარმოს ერთადერთი პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.

მუხლი 6. საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოები

საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოებია:

ა) პარტნიორთა კრება;
ბ) სამეთვალყურეო საბჭო;
გ) დირექტორი (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები).

მუხლი 7. პარტნიორთა კრება

  1. საწარმოს მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება.
  2. პარტნიორთა კრება ტარდება, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც, საწარმოს უკანასკნელ იურიდიულ მისამართზე (ან სხვა მისამართზე), საწარმოს წლიური ბალანსის (ფინანსური ანგარიშგება) შედგენიდან ორი თვის განმავლობაში, დირექტორის მიერ პარტნიორისათვის ერთი კვირით ადრე დაზღვეული წერილით მოწვევის გაგზავნით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. წერილის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს დღის წესიგში.
  3. საწარმოს პარტნიორს და დირექტორს, აგრეთვე ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას.
  4. პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
  5. პარტნიორთა კრების მუშაობას ხელმძღვანელობს პარტნიორთა კრების მიერ არჩეული პირი.
  6. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
  7. პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 91 მუხლისა და 47-ე მუხლის შესაბამისად შემდეგ საკითხებზე:
    ა) საწარმოს განვითარების ბიზნეს-გეგმის დამტკიცება;
    ბ) საწარმოს ქონების შეძენა, გასხვისება, განკარგვა (ჩვეულებრივი საქმიანობის გარდა);
    გ) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
    დ) საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება;
    ე) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, მათი ანგარიშების დამტკიცება;
    ვ) აუდიტორის არჩევა და გამოწვევა;
    ზ) პროკურის გაცემა და გაუქმება;
    თ) დირექტორის წინადადების მიღება ან უარყოფა მოგების გამოყენების შესახებ, გადაწყვეტილების მიღება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
    ი) წლიური შედეგების დამტკიცება;
    კ) საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
    ლ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
    მ) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
    ნ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს;
    ო) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს;
    პ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს;
    ჟ) ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;
    რ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საწარმოს დაფუძნებიდან ან საწარმოს მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საწარმოს წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;
    ს) შენატანების მოთხოვნა;
    ტ) დამატებითი შენატანების უკან დაბრუნება;
    უ) ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
    ფ) საწარმოს საქმიანობის თაობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
  8. ერთადერთი პარტნიორის არსებობის პირობებში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას უთანაბრდება ერთადერთი პარტნიორის უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭო

  1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება არჩეული თავმჯდომარის, ორი მოადგილისა და სამი წევრისაგან.
  2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი აირჩევა სამი წლის ვადით, მაგრამ უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგ მორიგი პარტნიორთა კრების ჩატარებამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია პარტნიორთა კრების მიერ ნებისმიერ დროს.
  3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი.
  4. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში აირჩევა თავმჯდომარე და თავმჯდომარის ორი მოადგილე. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს, ადგენს და ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიხედვით, ცვლის თავმჯდომარეს და ასრულებს მის მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნისას.
  5. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით, სულ ცოტა რვა დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.
  6. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
  7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეიძლება მიეცეს ანაზღაურება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ასევე განისაზღვროს სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელებასთან.
  8. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია:
    ა) სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს დირექტორის საქმიანობას, უფლებამოსილია პარტნიორთა საერთო კრებას წარუდგინოს მოტივირებული წინადადება საწარმოს დირექტორის გამოწვევის შესახებ;
    ბ) სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორისაგან საწარმოს საქმიანობის ანგარიში;
    გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე ქონებრივი ობიექტები;
    დ) სამეთვალყურეო საბჭო იწვევს პარტნიორთა საერთო კრებას, თუ ამას საწარმოს აუცილებლობა და ინტერესები მოითხოვს;
    ე) სამეთვალყურეო საბჭო წინასწარ ამოწმებს წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებას და ამის თაობაზე მოახსენებს პარტნიორთა საერთო კრებას;
    ვ) განიხილავს და წყვეტს, ხოლო ამ წესდებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აგრეთვე პარტნიორთან ათანხმებს, საწარმოს მიერ ისეთ ვალდებულებათა აღების საკითხს, რომელიც ცალკე ან მთლიანად აღემატება 500 000 ლარს;
    ზ) იხილავს ისეთ საკითხებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობას
    თ) ახორციელებს ამ წესდებით, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

მუხლი 9. დირექტორი

  1. საწარმოს ჰყავს დირექტორი. საწარმოს დირექტორს ნიშნავს პარტნიორთა საერთო კრება.
  2. საწარმოს მიმდინარე ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობას ახორციელებს დირექტორი. მესამე პირებთან ურთიერთობებში საწარმოს წარმოადგენს დირექტორი.
  3. დირექტორის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  4. დირექტორი საწარმოს საქმეებს უნდა გაუძღვეს ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საწარმოსათვის. თუ იგი არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საწარმოს წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს უშუალოდ (დირექტორთა სიმრავლისას – სოლიდარულად), მთელი თავისი ქონებით და პირდაპირ, ან უნდა დაამტკიცოს, რომ მას არ დაურღვევია თავისი მოვალეობა.
  5. თუ საწარმო გადახდისუუნარო გახდება, დირექტორმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კვირისა, უნდა განაცხადოს ამის შესახებ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, რის შესახებაც იგი ვალდებულია 15 კალენდარული დღით ადრე აცნობოს პარტნიორს და სამეთვალყურეო საბჭოს.
  6. დირექტორი ვალდებულია წინასწარ აცნობოს პარტნიორსა და სამეთვალყურეო საბჭოს საწარმოს ქონებაზე მოსალოდნელი ყადაღის დადების საშიშროების შესახებ.
  7. საწარმოს ჰყავს დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომელთაც) პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს (მიენიჭოთ) საწარმოს ხელმძღვანელობის ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობებში.

მუხლი 10. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის პასუხისმგებლობა

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება წინამდებარე წესდების, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11. წლიური შედეგები

  1. წლიური შედეგები აისახება საწარმოს ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშებში, რომელსაც დირექტორი უდგენს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს პარტნიორთა კრებას საფინანსო წლის შედეგების მიხედვით.
  2. დირექტორი ადგენს ანგარიშს წლიური და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ, ასევე წმინდა მოგების განაწილების წინადადებას და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად. წმინდა მოგების განაწილების მოწონებულ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს პარტნიორთა კრებას.
  3. წმინდა მოგების გამოყენების საკითხი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 12. აღრიცხვა და ანგარიშგება

  1. საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას საწარმო ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით.
  2. სულ ცოტა წელიწადში ერთხელ დირექტორი აკეთებს ანგარიშს მათ შორის, საწარმოს ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
  3. სამეურნეო წელი გრძელდება 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 13. საწარმოს საქმიანობის კონტროლი

  1. საწარმოს საქმიანობას აკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო და პარტნიორთა კრება.
  2. საწარმოს საფინანსო საქმიანობის კონტროლისათვის საჭიროების შემთხვევაში პარტნიორის მოთხოვნით საწარმო იწვევს დამოუკიდებელ აუდიტორს.

მუხლი 14. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  1. საწარმოს არსებობის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს ორი გზით:
    ა) რეორგანიზაციით (შერწყმა, შეერთება, გაყოფა);
    ბ) ლიკვიდაციით.
  2. საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პარტნიორთა საერთო კრება ან სასამართლო, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
  3. პარტნიორთა კრება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად ნიშნავს სალიკვიდაციო კომისიას (ლიკვიდატორს).
  4. საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 15. დამატებითი პირობები

  1. თუ წესდების ერთი ან რამდენიმე დებულება (მუხლი) დაკარგავს ძალას, ეს არ გამოიწვევს წესდების გაუქმებას.
  2. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ახალი წესდების დამტკიცება ხდება პარტნიორთა კრების მიერ.
  3. წესდების ყველა ცვლილება და დამატება ავტომატურად ხდება მისი განუყოფელი ნაწილი.
  4. საწარმოს მოქმედი წესდება ინახება თავად საწარმოში.
  5. წესდება შედგენილია 3 ეგზემპლარად, ყველა ეგზემპლარს აქვს ერთნაირი იურიდიული ძალა.